სამთავრობო ხარჯები, ჯანდაცვა და პანდემია

როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის ბიუჯეტი საქართველოს.
მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის - ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობა - რომელი პროგრამები უნდა ფინანსდებოდეს და რომელი - არა

საქართველო თავისი სიმდიდრით (მშპ ერთ სულზე) მსოფლიოს ასეულშიც არ შედის და ბოლო წლებია დაახლოებით ერთიდაიგივე ადგილზე ვტრიალებთ. გარდა ისეთი მიზეზებისა, როგორიცაა საკუთრების დაცულობის პრობლემა და სასამართლო სისტემის გაუმართაობა, დაბალი ეკონომიკური ზრდის მეორე მთავარი მიზეზი, მაღალი გადასახადები და მთავრობის დიდი ზომაა (Heritage Foundation and WSJ-ის ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით 80-ზე მეტ ქვეყანას ჩვენზე ნაკლები საგადასახადო წნეხი აქვს და 130-ზე მეტ ქვეყანას ჩვენზე პატარა მთავრობის ზომა). საგადასახადო წნეხი 25%-ის ფარგლებში, ხოლო მთავრობის ზომა 33%-ის ფარგლებში მერყეობდა პანდემიამდე. განვითარებულ ქვეყნებს ეს მაჩვენებლები გაცილებით დაბალი ჰქონდათ, როცა განვითარების იმ ეტაპზე იყვნენ, სადაც ახლა ჩვენ ვართ. მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის და შესაბამისად, სიღარიბის დაძლევისათვის ერთადერთი გზა, სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდეგ მთავრობის ზომის შემცირებაა. ეს ვერ მოხერხდება თუ მკვეთრად არ შემცირდა საქართველოს ბიუჯეტი. დღეს საქართველოს ბიუჯეტს ხუთი "ფულისმჭამელი" კომპონენტი აქვს:

1. შრომის ანაზღაურება და ხელფასები, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. მათ შორის სახელმწიფო 400 000 ადამიანამდე კადრს ასაქმებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მესამე დასაქმებული სახელმწიფო სექტორიდანაა;

2. კაპიტალური ხარჯები, რაც მშპ-ის დაახლოებით 7%-ია;

3. არაეფექტიანი პროგრამები და სახელმწიფო საწარმოები, რომელსაც არანაირი დადებითი ეკონომიკური ეფექტი არ გააჩნია. ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ 2013-2020 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა განახევრდა. წარმოუდენელია როგორ შეიძლება ფული ხარჯო ეკონომიკის განვითარებაზე და ამ დროს ზრდის ტემპი გაგინახევრდეს;

4. ვალების მომსახურება, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. 2021 წელს 3.5 მლრდ ლარს ვიხდით ვალის მომსახურებაში. ეს კი ბიუჯეტის თითქმის მესამედია. გამოდის, დღეს საქართველოს მოქალაქე ყოველი 100 ლარიდან 7 ლარს ადრე აღებული ვალის მომსახურებაში იხდის;

5. ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც დღეს რამდენიმე ფუნქცია გააჩნია. პირველი ესაა საპენსიო უზრუნველყოფა, სადაც მშპ-ის 5% მიდის. მოცემული სისტემა აგებულია სოციალური დახმარების პრინციპზე, რომელსაც იღებენ ასაკით პენსიონერები. მსოფლიოში იშვიათად მოიპოვება (განვითარებად ქვეყნებში არ მოიპოვება) ისეთი ქვეყანა, სადაც სახელმწიფო საპენსიო ფონდები ან არ გაკოტრდა, ან სხვა სერიოზული პრობლემა არ შეექმნა. მეტიც, გადასახადების მკვეთრი ზრდის გარეშე შეუძლებელია ისეთი საპენსიო სისტემა შეიქმნას, რომელიც ღირსეულ პენსიას მისცემს ასაკით პენსიონერს ბევრი წლის შემდეგ. გადასახადების ზრდა კიდევ უარყოფითად აისახება საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, და მით უმეტეს, მათ მომავალზე. შესაბამისად, ერთადერთი სწორი მიდგომა, მრავალი წუნის მიუხედავად, არის სისტემა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არსებობდა საქართველოში. მთავრობას როცა შეუძლია ზრდის პენსიას. ის არ შეიძლება მიებას ინფლაციას, ან ეკონომიკურ ზრდას. ყველა მთავრობამ, ვინც ეს სცადა, შეუქმნა პრობლემები საკუთარი ქვეყნის ეკონომიკას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის სავალდებულო საპენსიო ფონდი, რომელიც არსებობს აუცილებლად უნდა გახდეს ნებაყოფლობითი, წინააღმდეგ შემთხვევაში მის გამართულად ფუნქციონირებას მინიმუმ გადასახადების კიდევ მეტად გაზრდა დაჭირდება, ვიდრე ის იყო ის 6% შემოსავლის, რაც ფონდში მიდის. ჯანდაცვის სამინისტროს მეორე ნაწილი, ესაა მოსახლეობისთვის ჯანდაცვის და სოციალური დახმარების მიწოდება, სადაც ეკონომიკის დაახლოებით 6% მიდის. წლების მანძილზე, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა შემოიღო ხელისუფლებამ, მოცემული ხარჯი იზრდება ასეულ მილიონობით ლარით და ამას დასასრული არ უჩანს. აქვე ვხედავთ, რომ ხელისუფლება უხეშად ერევა, როგორც ნაციონალიზების გზით, ისე ფასების კონტროლით, რაც უამრავ პრობლემას უქმნის კლინიკებს და შესაბამისად მომხმარებელს. ასეთი მიდგომები იყო შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, ოღონდ მაშინ ხელისუფლების რისხვას თავს ქრთამით და გაუმართავი ვერტიკალით გადაურჩებოდი.

რომ შევაჯამოთ, "ადამიანზე მორგებულმა" ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებმა ერთის მხრივ მკვეთრად გაზარდა სახელმწიფო ხარჯები, მეორეს მხრივ გაუარესდა ისეთი საკითხები, რაც პირიქით, უნდა მოგვარებულიყო. მედიკამენტების ყველა ჯგუფზე ფასები 90% და მეტით გაიზარდა უკანასკნელი 8 წლის მანძილზე, 2014 წლის შემდეგ სიღარიბის მაჩვენებლები იგივე დონეზე დგას, რა დონეზეც იდგა. მეტიც, 2016-17 წლებში საქართველოში უამრავი მიმართულებით სიღარიბე გაიზარდა და რაც ყველაზე მთავარია, დღეს ნათლად ჩანს, თუ რამდენად არაეფექტიანად უმკლავდება საქართველოს ჯანდაცვის სისტემა პანდემიას;

ლოქდაუნის ეკონომიკური ეფექტი და მისი შედეგების დაძლევის გზები:

საქართველოს ეკონომიკა 10 თვეა მკვეთრად მცირდება. 2020 წლის ეკონომიკური ზრდა არა დაბალი 5% იქნება, რითაც ხელისუფლება ტრაბახობდა, არამედ -6%, რომელიც ყველა ეკონომიკური ვარდნის წინასწარმეტყველებაზე მეტია, რაც აქამდე გვქონდა. ქვეყნის სრულმა გაჩერებამ იმ დროს, როცა შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად დაბალი იყო, ხელისუფლებას რეიტინგი შემატა წინასაარჩევნოდ, ხოლო მოსახლეობის დიდ ნაწილს სამსახური დააკარგვინა. განმეორებითმა ლოქდაუნმა, რაც მას შემდეგ დაწესდა, რაც მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა გავხდით 100 000 ადამიანზე შემთხვევების რაოდენობით, კიდევ სულ მცირე 2% მოაკლო საქართველოს ეკონომიკას. ეკონომიკური ვარდნის ეფექტი კარგად რომ გავიგოთ, გავიხსენოთ 2008-09 წლები, როდესაც საქართველომ რუსეთის სამხედრო სრულმასშტაბიანი აგრესია და გლობალური ფინანსური კრიზისი ერთად გადაიტანა. თანაც იმ პირობებში, რომ ომამდე თვეებში ეკონომიკა 13%-ზე მეტით იზრდებოდა. -3.7%-იანმა ვარდნამ 2009 წელს დამატებით 90 000 ადამიანზე მეტი უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდა. წარმოვიდგინოთ რა შედეგი ექნება ჯერ 6%-იან ვარდნას 2020 წელს და შემდეგ 2021 წლის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც დაბალ, 5%-ის ფარგლებშია დაგეგმილი.

პანდემიისას, ხელისუფლებას რაც უნდა გაეკთებინა და ახლავ ყველაზე სწორია, რომ გააკეთოს, ესაა მოხსნას ეკონომიკური შეზღუდვები, გააუქმოს მათ შორის ისეთი რეგულაციები, რომლებიც მანამდე მიიღო და ამით დიდი დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას (საბანკო და საფინანსო რეგულაციები, დედოლარიზაციის პოლიტიკა, უძრავი ქონების სექტორზე რეგულაციური წნეხის მკვეთრი გაზრდა, სადაზღვეო და ე.წ. შრომის უსაფრთხოების გაუაზრებელი რეგულაციები), მკვეთრად შეკვეცოს ბიუჯეტი არაეფექტიანი ხარჯების და ბიუროკრატიის აღმოფხვრის გზით და მკვეთრად დაწიოს საგადასახადო წნეხი მოქალაქეებზე. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ქვეყანამ აჩვენოს ერთის მხრივ სწრაფი ამოსვლა კრიზისიდან და მეორეს მხრივ მომავალ წლებში შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა.

მთავრობის ქმედებების შეჯამება ერთი მარტივი წინადადებით შეიძლება, რომელიც იეინ დეილის მიერ დაწერილ მარგარეტ ტეტჩერის გამონათქვამებიდან ვკითხულობთ: "მამალი შეიძლება კარგად ყივის, მაგრამ კვერცხს მაინც დედალი დებს."