რატომ ვერ ვითარდება საქართველოს სოფლის მეურნეობა?

იმის თქმა, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყანას ვერ გაამდიდრებს, საერთოდ არ ნიშნავს ამ სექტორის დაკნინებას. იგივე შეიძლება ითქვას ეკონომიკის სხვა ნებისმიერ ერთ სექტორზე, თუ ეს სექტორი მილიონობით ტონა ნავთობს არ ყიდის. ქვეყანას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების ერთდროულად განვითარება ამდიდრებს, მათ შორის სოფლის მეურნეობის, მაგრამ არამხოლოდ სოფლის მეურნეობის და კიდევ რომელიმე ერთის.

საქართველოში პოლიტიკოსები და არამარტო პოლიტიკოსები ქვეყნის ეკონომიკის გაზრდის მთავარ წყაროდ სოფლის მეურნეობას ხშირად ასახელებენ. შედეგი კი საპირისპიროა. 1998 წელს სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკაში 28% იყო, 2008 წელს 9.4%, ხოლო 2019 წელს 7.4%.

გრაფიკი 1. სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკაში (მშპ-ში)

ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილის შემცირება არ ნიშნავს, რომ საქმე ცუდადაა. ყველა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკაში მცირდებოდა სოფლის მეურნების წილი, როდესაც ისინი განვითარების ეტაპებს გადიოდნენ. რაც უფრო სწრაფად ვითარდებოდნენ, სოფლის წილი უფრო სწრაფად მცირდებოდა. თუმცა, ცალკე აღებული სოფლის მეურნეობაც ვითარდებოდა, მაგრამ სხვა სექტორები იმდენად სწრაფად ვითარდებოდნენ, რომ მისი წილი მცირდებოდა.

2004-2019 წლებში სოფლის მეურნეობის ზრდის საშუალო ტემპი 0.6%-ია. სოფლის მეურნეობა ყველა მთავრობისთვის იყო პრიორიტეტი და ყველა მთავრობაში შედიოდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც დარგის განვითარებაზე მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავდა. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტად გამოცხადდა და მეტად დაფინანსდა, ვიდრე 2012 წლამდე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო უფასო ხვნა-თესვის პროგრამა, რამაც 2013 წელს სექტორის 13.3%-იანი ზრდა გამოიწვია. თუმცა, ამის შემდეგ, 2014-2017 წლებში სოფლის მეურნეობა ყოველწლიურად მცირდებოდა. 2013 წელთან შედარებით 2019 წელს სოფლის მეურნეობა მხოლოდ 47 მლნ ლარითაა გაზრდილი.

გრაფიკი 2. სოფლის მეურნეობის წლიური ზრდა (რეალური დამატებული ღირებულების ცვლილება)

ჯამში 2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის მთავრობამ 1.5 მილიარდი ლარი დახარჯა. ეს თანხა განაწილდა შეღავათიან აგროკრედიტზე, უფასო ხვნა-თესვაზე, საწარმოების დაფინანსებაზე, დანერგე მომავალზე, ქართული ჩაის აღდგენის პროგრამაზე, აგროდაზღვევაზე, ყურძნის და ციტრუსის ფასის სუბსიდირებაზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე, დარგში მეცნიერულ კვლევებზე და ა.შ. აღნიშნული მილიარდი ლარის გარდა, ცალკე 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე და აშენებაზე.

მთავრობისგან ფულის ხარჯვას დაემატა ისიც, რომ ევროკავშირში და ბევრ სხვა ქვეყანაში საბაჟო გადასახადის გარეშე შეგვიძლია პროდუქციის გატანა. 2013 წლიდან რუსეთმა ემბარგო მოგვიხსნა სოფლის მეურნეობის ნაწარმზე. უამრავი დონორი ეხმარება გრანტებით და ცოდნით სოფლის მეურნეობის დარგს. ამ ფონზე, მართლა გასაკვირია, როგორ მოვახერხეთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად ვერ ვითარდება და ფაქტობრივად ერთ დონეზეა გაჩერებული?

ამ კითხვაზე პასუხი ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაშია. ვერ ჩამოვყალიბდით რა გვინდა, სოფლის მოსახლეობა, რომელსაც კარგი შემოსავალია აქვს, თუ სოფლის მოსახლეობა, რომლის მთვარი დანიშნულება სოფელში ცხოვრებაა და ქალაქიდანაც დავეხმარებით დანიშნულების შესრულებაში.

ეკონომიკაში ცნობილია, რომ თუ მთავრობა ასუბსიდირებს რომელიმე დარგს, ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ეს დარგი სუბსიდიაზე ყოფნას მიეჩვევა და ვერ განვითარდება. ნაწილობრივ შესაძლოა ესეც დაგვემართა. ცალსახად შეუშალა ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებას უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვამ. ამაზე არავინ არ კამათობს, უბრალოდ მოსახლეობის ნაწილს ურჩევნია საქართველოს მიწის საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში ყოფნა, ვიდრე უფრო განვითარებული და დიდი სოფლის მეურნეობა.

ეს ორი გარემოება ეკონომიკურად არასწორია, მაგრამ შესაძლოა პოლიტიკურად (ანუ არჩევნებზე ხმების მისაღებად) სწორია, ამიტომ როცა შესაბამისი პოლიტიკური ფონი იქნება, ორივე მიდგომა სწრაფად შეიძლება შეიცვლება.

გაცილებით დიდი პრობლემაა დარგის განვითარების მიმართ არსებული მცდარი ზოგადი ხედვა. საქართველო არის მცირე მიწიანი ქვეყანა, ანუ სოფელში მცხოვრებ ერთ ოჯახზე საშუალოდ ერთ ჰექტარამდე მიწა მოდის. ამას ისიც განაპირობებს, რომ საქართველოში ურბანიზაცის დონე მაღალი არ არის. მოსახლეობის 41% სოფელში ცხოვრობს. მცირე მიწიანობა მიწის ნაკვეთების არაეფექტიანად გამოყენებას იწვევს. რთულია წარმოების მოცულობის ხარჯზე შედარებით იაფად გაყიდო პროდუქცია (მასშტაბის ეფექტი) და მცირე საოჯახო მეურნეობა საშუალო ან მსხვილ ფერმერულ მეურნეობად გარდაქმნა. ამას ემატება ცოდნის ნაკლებობა, რაც მხოლოდ სოფლის მეურნეობის პრობლემა არ არის.

ამ დროს ქვეყნის პოლიტიკა მიმართულია, რომ სოფელში რაც შეიძლება მეტმა ადამიანა იცხოვროს, თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, რომ მიწაზე შრომით მაინც გაიტანენ თავს. სოფელში მცხოვრები ადამიანებიდან 700 ათასი ითვლება ე.წ. თვითდასაქმებულად, რადგან საკუთარ ბოსტანში მუშაობენ ან/და შინაურ ცხოველებს უვლიან.

ე.ი. გარკვეული დილემის წინაშე ვართ, თან მცირე მიწიანობა უნდა დასრულდეს და თან ბევრი ხალხი უნდა ცხოვრობდეს სოფელში. ოქროს შუალედია, სოფელში ცხოვრობდეს, მაგრამ მიწაზე არ მუშაობდეს, რაც საერთოდ არ არის არარეალური. ამ დილემის გადაჭრას ჭირდება სხვა დარგების გაცილებით სწრაფად განვითარება, ვიდრე დღეს ვითარდება, ადამიანები კი თავად გადაწყვეტენ სად ურჩევნიათ ცხოვრება. დღეს განვითრებულ ქვეყნებში ურბანიზაციის დონე 70-80%-ს აღწევს, ხოლო სოფლის მეურნეობაზე დასაქმების მაქსიმუმ 5% მოდის (საქართველოში დაახლოებით 40%). დღეს განვითარებული ქვეყნების სოფლები უფრო მდიდარი და მოვლილია, ვიდრე ოდესმე.

სასოფლო-სამეურნეო ცოდნის პრობლემის ცალკე გამოყოფა არ ღირს, რადგან ყველა სფეროში მსგავსი პრობლემა გვაქვს და თუ, ზოგადად, განათლების პორობლემა გადაიჭრება, აქედან თავის წილ სიკეთეს სოფელიც ნახავს.

რომ შევაჯამოთ, ასეთი სურათია:

1. სოფლის მეურნეობის სუბსიდირებისთვის (ამ მიმართულებით დახარჯული ნებისმიერი თანხა სუბსიდიაა, თუნდაც სარწყავი სისტემების მშენებლობა) მთავრობა ზედმეტ გადასახადს ახდევინებს იმ დარგებს, რომლებსაც სოფლის მოსახლეობის ნაწილი უნდა დაესაქმებინა;

2. სოფელში ცხოვრება მეტად არის სუბსიდირებული, ვიდრე ქალაქში ცხოვრება. პრობლემის მოსაგვარებლად მეტი ურბანიზაცია გვჭირდება, მაგრამ მთავრობა ფულს ურბანიზაციის შეფერხებაში იხდის;

3. უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვამ შეაფერხა დარგში ინვესტიციების, ახალი ცოდნის და ტექნოლოგიების შემოსვლა;

4. ისე როგორც სხვა სფეროებში, აგრარული მიმართულებითაც გვიჭირს ცოდნაში. ამასთან, აგრარული მიმართულებით განათლების მიღება პრესტიჟულიც არ არის და დაბალია იმის ალბათობა, რომ ათასიდან რამოდენიმე მაინც ხომ მოახერხებს კარგი ცოდნის მიღებას, როგორც ეს იურისტების, ექიმების ან ეკონომისტების შემთხვევაშ ხდება;

5. მსოფლიო ეკონომიკის 95% მომსახურებაზე და მრეწველობაზე მოდის, მაგრამ ჩვენ იმედებს მაინც სოფლის მეურნეობაზე ვამყარებთ, რადგან ჩვენი ცოდნით და ბიზნეს გარემოთი, მხოლოდ იქ გვაქვს შანსი სხვას ვაჯობოთ, სადაც ჩვენი უპირატესობა ჰავამ, ნიადაგმა და მცენარეების ჯიშებმა განაპირობა და არა განათლებამ და ეფექტიანმა შრომამ;

6. სოფლის მეურნეობის (და არა მარტო) განვითარების პოკიტიკა გვაქვს იმის მიხედვით, თუ რა მიდგომა უფრო მეტ ხმას მოუტანს არჩევნებზე მმართველ პარტიას. სოფლის მეურნეობა, როგორც ეკონომიკის სექტორი ეწირება სოციალურად პოპულისტურ და ყალბ ნაციონალისტურ მიდგომებს. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ სოფელიც იცლება და ქალაქიც, ემიგრაციის გამო ქვეყნის მოსახლეობა ბოლო 20 წელიწადში 1.5 მილიონი კაცით შემცირდა.